Wednesday, June 9, 2010

ტაო-კლარჯეთი



ტაო-კლარჯეთი.... დროში გარინდებულ ამ მხარეს- განუმეორებელი ბუნებით, ბრწყინვალე ძეგლებითა და XVI საუკუნის ქართულით მოლაპარაკე გურჯებით - ილია ,,ოსმალეთის საქართველოდ" მოიხსენიებს, ივანე ჯავახიშვილი- ,,ზემო ქართლად" ექვთიმე თაყაიშვილი-,,სამუსულმანო საქართველოდ" სერგი ჯიქია კი- ,,გურჯისტანის ვილაიეთად"

ტაო-კლარჯეთი

"ეს არის პირობითი სახელი, რომელიც მეცნიერებმა დაამკვიდრეს, რათა აღენიშნათ თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციებში არსებული შუა საუკუნეების საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა. სახელისათვის ტაოსა და კლარჯეთის სამთავროების სახელები აიღეს; საკუთრივ ტაოსა და კლარჯეთის გარდა იგულისხმებოდა ერუშეთი, არტაანი, კოლა, ოლთისი, შავშეთი, სპერი...
ქართული მოსახლეობა ტაო-კლარჯეთის მხარეში უძველესი დროიდა მოიხსენიება. პირველი მატერიალური კულტურის ძეგლები და პირველი ტომობრივი გაერთიანებები დიაოხში (ტაოხში, ტაოში) შეიქმნა ძვ. წ II ათასწლეულის დასასრულსა და I ათასწლეულის დასაწყისში და იარსება ძვ.წ მერვე საუკუნემდე. ურარტუს მეფეების- არგიშტისა და სარდუნ II წერილობით დოკუმენტებში დიაოხები და კოლხები მოხსენიებულია როგორც მსხვილი ტომობრივი გაერთიანებები. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მთელი ტერიტორია -ე.ი კოლხეთის ტერიტორია, მდ. ჭოროხის შესართავის დასავლეთით და იბერიის ტერიტორია მდინარე მტკვრის სათავისა და ჩილდირის თბის სამხრეთით უძველესი დროიდანვე მთლიანად დასახლებული იყო ქართული ტომებით, რომელნიჩ შემდგომ ქართველ ერად გაერთიანდნენ.








ტაო-კლარჯეთი როგორც სამეფო 809 წელს შექმნა ქართლის ერისმთავარმა, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის დამაარსებელმა აშოტ I-მა. მან აღადგინა ციხე-სიმაგრე და ქალაქი არტანუჯი, რომელიც სამეფოს ცენტრი გახდა. ბაგრატიონებმა, რომლებიც იმხანად ეყრდნობოდნენ ბიზანტიელთა მხარდაჭერას, სწრაფად გააფართოვეს თავისი სამფლობელოები და დაიწყეს საქართველოს გათავისუფლება არაბთა ბატონობისაგან. 888 წელს ადარნასე II-მ "ქართველთა მეფის" ტიტული მიიღო, ხოლო სამეფოს "ქართველთა სამეფო" ეწოდა. სამეფოში დიდი აღმშენებლობითი საქმიანობა მიმდინარეობდა, გაფართოვდა ეკლესია-მონასტრების ქსელი. საქართველოს გაერთიანებული სამეფოს შექმნის თარიღად ითვლება 978 წელი, როდესაც "ქართველთა სამეფოს" (ე.ი. აღმოსავლეთ საქართველოს) თანამპყრობელმა ბაგრატ III-მ მიიღო აფხაზეთის სამეფოს (დასავლეთ საქართველოს) ტახტი. ამის შემდეგ ბაგრატი განაგრძობდა ერთიანი სამეფოს გარეთ დარჩენილი ქართული მიწების შემოერთებას: 1001 წელს მან კლარჯეთი შემოიერთა, ხოლო 1008 წელს, მამის, გურგენ II-ის გარდაცვალების შემდეგ, - ტაო.
1551 წელს ოსმალებმა ტაო-კლარჯეთი შეიერთეს. რუსეთ-თურქეთის მე-10-ე ომის შემდეგ,1877-78 წლებში,ტაო-კლარჯეთის უდიდესი ნაწილი რუსეთის იმპერიის საზღვრებში მოექცა და ყარსის გუბერნიას მოიცავდა. 1918 წლის 22 აპრილს ტერიტორია გადავიდა ტრანსკავვკასიის ფედერაციის საზღვრებში,1918 წლის 26 მაისს კი იგი საქართველოს დემოკრატიული რესპუბილიკის მართველობაში მოექცა. ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების ხარჯზე, რომელიც 1918 წლის 27 აგვისტოს შედგა,რუსეთმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თანხმობის გარეშე უარი თქვა ქართულ მიწებზე. 1921 წლის 23 ოქტომბერს ყარსის ხელშეკრულებით ტაო-კლარჯეთის დიდი ნაწილი ისევ თურქეთის შემადგენლობაში შევიდა,ხოლო მცირე ნაწილი საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის საკუთრება გახდა.1991 წლიდან კი იგი საქართველოს ნაწილია.